საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით დადებითი შეფასებები მოისმინეს.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პროტესტს განაგრძობენ, რადგან მეტი გარანტია სჭირდებათ, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის.
„დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, ჩვენმა ხმაურმა შედეგი გამოიღო. შეიცვალა სამინისტროს მესიჯები. დადებითი მოლოდინები არ გვქონდა, რადგან მათი მხრიდან მედიკამენტზე ნეგატიურ შეფასებებს ვისმენდით. ახლა მედიკამენტზე დადებითი შეფასება გვესმის. ამ ეტაპზე „ბიომარინთანაც“ წარმატებულია მათი კომუნიკაცია. ჩვენთან ერთად აღიარებენ, რომ ეს არის ერთადერთი, ეს არის ლიცენზირებული და ავტორიზებული მედიკამენტი ბავშვებისთვის. პროტესტს ვაგრძელებთ, ჩვენ გვჭირდება მეტი გარანტია, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის. პროცესი ნამდვილად წინ დაიძრა თუნდაც იმით, რომ სამუშო ჯგუფში ვართ და ერთად მუშაობას განვაგრძობთ, თუმცა ვინაიდან გარანტიებს ვერ გვაძლევენ, ვაგრძელებთ პროტესტს“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.
მისივე განცხადებით, მშობლებთან შემდეგი შეხვედრა 5 მაისს გაიმართება.