ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია, - ასე უპასუხა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერების შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობენ და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით.
„მე ამაზე ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია, მერე რაღა ვქნა. არასერიოზულია, არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდზე რომ უზიხარ და მის დასანქცირებას რომ სთხოვ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. წარმოგიდგენიათ, რა დონის მდაბიოობასთან გვაქვს საქმე. განსხვავება იცით რა არის ჩვენ შორის? ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი, ჩვენ ვლაპარაკობთ ქართული ოცნების სახელით, ისინი ლაპარაკობენ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით. რამდენჯერ მოგისმენიათ ჩვენგან, რომ ქართველი ხალხი გასცემს ამაზე პასუხს და ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები გასცემენ პასუხს, ევროპელები გასცემენ ამაზე პასუხს.
თან, ეს რა სისულელეა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიტიკური პროცესების გამო, თუ ამასთან მივედით მართლა, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიაში ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე სერიოზულად დაიწყო ვინმემ მსჯელობა. წარმოუდგენელი ამბავი იქნება. დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ იყო ლაპარაკი, ამაზე მეტი არ შეიძლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.