ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩი ჯიმ ობრაიენის ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია.
ბოკერიას თქმით, ის რომ ამ კონტექსტში განიხილება საქართველო, "არის იზოლაციის საფუძველი და ამ ისტორიული მომენტის არგამოყენება ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად".
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ისტორიული მომენტით სარგებლობდეს, დასავლეთში დისკუსია მიმდინარეობს, არღვევს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი საერთაშორისო სანქციებს.
"იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ვაშინგტონში აწარმოებს კამპანიას იმაზე, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, რომ აშშ-სთან უსაფრთოხების სფეროებში უნდა ჰქონდეს იმ ტიპის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. იმ ისტორიული მომენტით სარგებლობდეს და აწუხებდეს ყველა მოკავშირეს მორალური და პრაგმატული არგუმენტებით, რატომ უნდა იყოს საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილი და დაცული, სუვერენიტეტული ქვეყანა - ამის ნაცვლად, დისკუსია ვაშინგტონში და სხვაგანაც არის ის, რომ არღვევს თუ არ არღვევს, ან რა დოზით არღვევს საერთაშორისო სანქციებს, უწყობს თუ არა ხელს პუტინის რეჟიმს პირდაპირ თუ ირიბად ივანიშვილის რეჟიმი. ეს უკვე ღალატის ტოლფასია იმის მიუხედავად, რა დადასტურდება ან არ დადასტურდება".- ამბობს გიგა ბოკერია.