ცენტრალური საარცევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და აკეთებენ საკუთარ არჩევანს.
ცესკო-ს ცნობით, იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ეს არის ერთ-ერთი იმ სიახლეებიდან, რომელსაც დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს ამომრჩევლებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა ადგილი ჰქონდა რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში არ შეფერხდება ხმის მიცემის პროცესი. გაწერილი გვაქვს შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა იციან როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში.
ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული იყო 22 557 (12,19%) ამომრჩეველი. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მოსულია ამომრჩეველთა 25,3 %.
დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.