საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, საქართველოს გაუმართლა, რომ ქვეყანაში არის სერიოზული სამოქალაქო ორგანიზაციები. მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა ინკლუზიური მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
„ილია დარჩიაშვილთან პირველი შეხვედრა მქონდა აქ, მაგრამ პარიზში და სხვა ადგილებში ხშირად ვხვდებით. ორშაბათს შევხვდით ლუქსემბურგში, სადაც იგი მოწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ აქვს დინამიური, სერიოზული ორგანიზაციები, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის, რასაც ჩვენ – საფრანგეთი და საქართველო ვიზიარებთ. ჩემი რეკომენდაციაა, ყველა დემოკრატიაში იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ, რათა წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა ინკლუზიური მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ეს ყოველთვის არის პლუსი“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.
როგორც კატრინ კოლონამ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„მოვედი, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის მხარდაჭერის მესიჯი გადმოგცეთ. გვსურს, ამ ვიზიტით და ასევე ურთიერთობით, რომელიც ორ ქვეყანას აქვს, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რუსეთმა დაასრულოს ომი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომელიც უკვე 14 თვეა, მიმდინარეობს და საქართველომ ძალიან კარგად იცის ეს, რადგან ახლაც იხდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა. აქ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. მე ეს ბევრჯერ მითქვამს მინისტრისთვის“,- განაცხადა კატრინ კოლონამ.