2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დღეს საქართველომ კიდევ ერთი მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ადამიანის უფლებათა სასამართლოში და დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას უკვე დააკისრა კონკრეტული ოდენობის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია საქართველოს 24 ათას დაზარალებულ მოქალაქეზე, რომლებსაც რუსეთმა უნდა გადაუხადოს 130 მილიონამდე ევროს კომპენსაცია.
„კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც ომის დროს გახდნენ დაზრალებულები, უნდა გადაუხადოს 130 მილიონამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია. ეს არიან დაზარალებულები, რომლებიც გახდნენ სხვადასხვა უფლების დარღვევის მსხვერპლნი, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, უკანონო პატიმრობა, არასათანადო მოპყრობა, წამება, ასევე საუბარია იმ დევნილებზე, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ გამოიდევნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან და დღემდე რუსეთის ოკუპაციის გამო არ ეძლევათ მათ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მტკიცებულებების წარდგენა. იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 20 იანვარს წარადგინა ძალიან ბევრი მტკიცებულება და სამართლებრივი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ეს დარღვევები სწორედ რუსეთს მიეწერება და კონკრეტულად უნდა იქნეს კომპენსირებული კონკრეტული ადამიანებისთვის.
გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული და ასევე ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მტკიცებულებების შეგროვებაში. ეს მტკიცებულებები საბოლოო ჯამში იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა ევროპულ სასამართლოში. ამის შემდგომ უკვე საქმე გაგრძელდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გადაიხდის და როდესაც ის გადაიხდის ამ კომპენსაციას, უკვე დაიწყება პროცედურები, რომ ეს თანხა უკვე განაწილდეს დაზარალებულბეზე, -განაცხადა ბექა ძამაშვილმა.