„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯია, რომ მორიგ ჯერზე ზურგი შეაქცია უკრაინას და უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭირა რუსეთ,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ის გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომლის კენჭისყრაში ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს.
მისი თქმით, აქამდე ხელისუფლება ერთადერთ გამართლებას ებღაუჭებოდა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კენჭისყრებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის სასარგებლოდ, „ახლა კი რუსეთმა ესეც დაათმობინა“.
„ევროსაბჭომ გენოციდად ცნო უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთში. ეს არის ძალიან პრინციპული რეზოლუცია, რომელსაც პროდასავლელი ხელისუფლება, ბუნებრივია, მხარს დაუჭერდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯია, რომ მორიგ ჯერზე ზურგი შეაქცია უკრაინას და უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭირა რუსეთს.
„აქამდე ისინი ერთადერთ უსუსურ გამართლებას ებღაუჭებოდნენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კენჭისყრებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის სასარგებლოდ. ახლა ესეც კი დაათმობინა რუსეთმა „რუსულ ოცნებას“ და ისინი სამარცხვინოდ არ არიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც მთელი ცივილიზებული სამყაროს თანამონაწილეობით გენოციდად აღიარეს რუსეთის მოქმედებები“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ბოკუჩავა გამოეხმაურა ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს შეფასებები დასტურია, რომ „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მომავალი ვერ ექნება“.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები მორიგი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოს ვერ ექნება მომავალი ევროკავშირსა და ნატო-ში - პროდასავლელ ხალხს, ქვეყანას პრორუსული მთავრობა ჰყავს, ეს არის უმთავრესი პრობლემა. აუცილებელია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებაში, ისევე როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, რათა ხელისუფლების ცვლილება მოხდეს და მივიყვანოთ ევროინტეგრაციის გეგმა ბოლომდე. ეს არის ძალიან ახლოს, თუმცა ამას სჭირდება პროდასავლელი ხელისუფლება. პროდასავლელ ხალხს, ქვეყანას პრორუსული მთავრობა ჰყავს, ეს არის უმთავრესი პრობლემა და ამაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.