,,ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არის ძალიან არასერიოზული. როდის უნდა ჩატარდეს? რიგგარეშე არჩევნები თუ დაინიშნა, ეს მოხდება შემოდგომაზე. კონსტიტუციაში კი გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები სრულად პროპორციულად. და რა გამოდის? ერთწლიანი პარლამენტს ვითხოვთ? რას შეცვლის ერთწლიანი პარლამენტი? ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ? ახლა რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, იქნება 120/30-ზე, ანუ 30 მანდატიანი უპირატესობა ,,ქართულ ოცნებას“ ექნება.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, თუ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა უნდა, 2024 წლის არჩევნებისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს.
“ამ 120-ით კიდევ რა გარანტიაა რომ აუცილებლად დავამარცხებთ? არასერიოზულია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, როგორც სიების ჩახსნა იყო არასერიოზული, როდესაც ვეუბნებოდით, სიები არ ჩაეხსნათ, მაგრამ არ დაგვიჯერეს, ახლა რა მივიღეთ? 11 მანდატი დააკლდა ჯამურად ოპოზიციას. მაშინ ჩვენ გვლანძღავდნენ და ახლა ხომ მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს? ახლა ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს დავდევთ სუს-ის ოპერ-მუშაკებივით, რომ სხდომას ვინმე არ გამოაკლდეს, ოპოზიციიდან შემთხვევით ერთი დეპუტატი რომ ავად გახდეს და სხდომაზე არ მოვიდეს, ,,ქართული ოცნება“ მაშინვე გამოიტანს საგამოძიებო კომისიის საკითხს და ოპოზიციის ხმების უკმარისობის გამო ჩავარდება. რატომ? იმიტომ რომ უპასუხისმგებლობის გამო თავის დროზე სიები ჩახსნეს, შესაბამისად, ამ პარტიებიდან გასული დეპუტატები ვეღარავინ ჩაანაცვლა და ამით ოპოზიციამ 11 მანდატი დაკარგა. მოახლოვდა 2024 წლის არჩევნებიც და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ნაცვლად, ჯობია ამაზე ვკონცენტრირდეთ და მოვემზადოთ კარგად, რომ დავამარცხოთ ,,ქართული ოცნება“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.