„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა.
როგორც პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიების შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. მათ ისაუბრეს როგორც საქართველოს ევროინტეგრაციაზე და ნატოში გაწევრიანების საკითხზე და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
„ძალიან საინტერესო, სასარგებლო დისკუსია გვქონდა ბატონ მინისტრთან, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციას, ნატოში გაწევრიანებას, მის პერსპექტივებს. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია, მათაც აინტერესებთ ის მოცემულობა, რაც შეიძლება იყოს წლის ბოლოსთვის საქართველოში და ჩვენგან მოისმინეს ბევრი საინტერესო მოსაზრება, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, როგორი რეფორმები უნდა გატარდეს გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება ერთის მხრივ არის ინსტრუმენტი თუ კარგი ხელისუფლება გყავს, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული, დემოკრატიისკენ, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ასეთი არ გვყავს და ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი ხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მაქსიმალურად შეეცადონ და აიძულონ ხელისუფლება, რომ წავიდეს ის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, მართლმსაჯულების რეფორმისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, ასე რომ ბევრი წახნაგი აქვს ამ პროცესს და შემდეგი თვეები მართლაც იქნება საქართველოსთვის ისტორიული.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
მან ასევე აღნიშნა ის, რომ საუბარი ასევე შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეოაბს და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რაც დეპოლარიზაციის მთავარი საკითხია;
„რა თქმა უნდა, ასევე საუბარი შეეხო მიშა სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, მათ გათავისუფლებას, მიშას სიცოცხლის გადარჩენის საკითხს, მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს არა მხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც გაჟღერდა ეს მოთხოვნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გარეშეც დეპოლარიზაცია არ გამოვა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.