მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას უკვე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი მიღწევები.
„ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის ურთულეს გზაზე განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით და ყველა იმ გასაკეთებელი საქმით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა საუბარი. ეს ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა. რომ ავიღოთ სააკაშვილის „ქეისი“ - მისი „შემოგორება“, „შემოტანა“ საქართველოში, როგორც „განუბაჟებელი ტვირთი“, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის შეფასებით, ქვეყნის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მაშინ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
„პირველივე დღიდან, როგორც კი სააკაშვილის დაკავება მოხდა, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მას არ აქვს შესაბამისი პირობები - ის, რაც პატიმარს უნდა ჰქონდეს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და პოლიტიკური პარტიები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.