ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხის განხილვის დროს დამსწრეთა სიმწირე საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.
„ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში. გასაგებია ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2012 წელი გარდამტეხი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა კი ამ მიმართულებით თურმე პრობლემებია. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ რას გრძნობენ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ თავზე. მარტივია, გავაკეთოთ შედარება, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი?! კი, ბატონო. მაგაში გეთანხმებით. რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.