ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გზა აქვს, ეს არის ევროინტეგრაცია, რომელიც აირჩია ხალხმა და ამ გზას მიჰყვება საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამის დასტურია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ევროპული პოლიტიკა კეთდება და სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენი გუნდის ლიდერები წარმოდგენილები იყვნენ და თითოეული მათი შეხვედრა ეყრდნობოდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესს და იმას, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დროა, ევროპამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას.
„ახლა სამართლიანი შეფასების მოლოდინი გვაქვს. სტატუსი ჩვენ აქამდეც უნდა მიგვეღო, ეს თავად ევროპულმა სტრუქტურებმაც დაადასტურეს. დროა, ევროპამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წერტილი დაუსვას რადიკალების პოლარიზაციის მცდელობას საქართველოში და დამსახურებაზე დაფუძნებით ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოანიჭოს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.