ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამერიკის სენატსა და კონგრესში ინიცირებულ ორპარტიულ „უკრაინის გამარჯვების“ რეზოლუციას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სენატში ინიცირდა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც არა უბრალოდ მხარს უჭერს უკრაინასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მკაფიოდ განსაზღვრავს რა იქნება შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ამოცანა ამ ვითარებაში- ეს არის უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია და იურისდიქციის აღდგენა 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და რაც საქართველოსთვის ამ კონტექსტში კიდევ უფრო საყურადღებოა, ამის შემდეგ უკრაინის გაწევრიანება ნატოში.
„საქართველო ნახსენებია ბუქარესტის გადაწყვეტილების ციტატის ნაწილად, მოგეხსენებათ რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება იყო ორივე ქვეყანასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველო მაშინ კიდევ უფრო აქტიური იყო, ვიდრე უკრაინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუქარესტის გადაწყვეტილება სამწუხაროდ არ იყო მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო პოლიტიკური განაცხადი, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები. ეს განცხადება არის ციტირებული, მაგრამ შემდგომ ტექსტში, საკვანძო ნაწილში, სადაც საუბარია აშშ-ს ამოცანაზე, საქართველო ნახსენები აღარ არის“ - ამბობს ბოკერია
ბოკერია აღნიშნავს, რომ ეს ვითარება ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია და გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია დასავლეთთან, აშშ-სთან და ევროპასთან დაპირისპირებით, ანტიდასავლური კამპანიით, რითიც ისტორიულ მომენტს გვაკარგვინებს.
„ამ რეზოლუციის ამ ფორმით არსებობა არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ღალატის დემონსტრირება. ეს არის, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს ხალხი, ეს პროპაგანდა ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს თითქოს მშვიდობის დაცვის მიზნით იქცევა ასე სამარცხვინოდ, სინამდვილეში მათი მოქმედებები სწორედაც რომ ჩვენს მომავალ უსაფრთხოებას აზიანებს უზომოდ და გვიზრდის აგრესიის რისკებს იმით, რომ მარტო შეიძლება დაგვტოვოს, დასავლეთისგან იზოლირებული რუსეთის საფრთხის წინაშე.
არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიდეს, რომ საქართველო ნახსენებია ტექსტში - არის, ოღონდ ბუქარესტის სამიტის ციტირებაში და შემდეგ გზავნილი არის, რომ ეს სტრატეგიული ამოცანა დგას უკრაინასთან მიმართებაში. აქაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრეტენზია ვერ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სენატის წევრების მიმართ, იმიტომ რომ, როცა საკუთარი მთავრობა ამას არ ლობირებს და ამერიკას თავს ესხმის, ომი უნდათო, ბუნებრივია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ეს არის ამ ამბის ანატომია“ - თქვა ბოკერიამ