მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესშიც, ევროპისთვის ეს არის შანსი და არა – საფრთხე, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
როგორც პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თბილსიში მისი ვიზიტი დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა.
„იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის, როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის ნატო-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან. ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია, საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში“, – განაცხადა რაუმ. (საზოგადოებრივი მაუწყებელი)