„ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის კლასიკური გაგებით პოლიტიკური პატიმარი მიშა სააკაშვილთან ერთად, ეს არის ნიკა გვარამია, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მედროშე,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ ჰყავს ამოღებული მიზანში, რომ ის ერთ-ერთი მთავარი მედროშეა საქართველოს თავისუფლების და ევროინტეგრაციის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიტანა და დღეს სწორედ ამიტომ ჰყავს ის ციხეში.
„ორ კვირაში ერთი წელი გავა, რაც ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია და ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის კლასიკური გაგებით პოლიტიკური პატიმარი მიშა სააკაშვილთან ერთად, ეს არის ნიკა გვარამია, რადგან სპეციალურად შეარჩიეს, მიზანში ამოიღეს ეს ადამიანი იმიტომ, რომ იყო კრიტიკული მედიის დამფუძნებელი და არა მხოლოდ აკრიტიკებდა ამ მთავრობას, არამედ ის იყო თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მედროშე, საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმართული ადამიანი, რომელიც თავისი არხიდან, საკუთარი გადაცემიდან მოსახლეობას მოუწოდებდა ევროპისკენ, თავისუფლებისკენ და საქართველოს მომავალი წარმოედგინა დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ვერ აიტანა „რუსული ოცნების“ ხელისუფლებამ და ჩასვეს ნიკა გვარამია ციხეში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
მისივე თქმით, ყველაზე ეფექტური გზა ნიკა გვარამიას განთავისუფლების, პრეზიდენტის მხრიდან მისი შეწყალებაა;
„ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ამის საწინააღმდეგო რაც შეიძლება იყოს, არის პრეზიდენტის მხრიდან მისი შეწყალება, ოღონდ ამ პრეზიდენტს უნდა ეყოს პოლიტიკური გამბედაობა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, როდესაც გამოდის და თავის ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს იმაზე, რომ თურმე მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გაიწია პოლიტიკიდან და ჩამოსცილდა „რუსულ ოცნებას“ ამის შემდეგ წავიდა ქვეყანაში ცუდად საქმე და ამის შემდეგ გახდა პრორუსული საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება, ეს არის ყველაზე მცდარი რამ, რაც შეიძლება უმაღლესი თანამდებობის პირისგან მოვისმინოთ. თუ კი ვინმე არის საქართველოს პრორუსულობის მამოძრავებელი, ეს არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი. ეს უნდა ესმოდეს საქართველოს პრეზიდენტს და უნდა იღებდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.