ყველა კვლევამ დადო დასკვნა, რომ ბავშვების მიერ „ვოზორიდიტის“ გამოყენება და შედეგის დადება შესაძლებელია მხოლოდ იმ ასაკამდე, ვიდრე ზრდის ზონები დაიხურება, - ამის შესახებ პედიატრმა ლალი ჯანაშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე 12 ბავშვიდან ოთხ ბავშვზეა გადამწყვეტი საუბარი, ეს ბავშვები, პრაქტიკულად, ცაიტნოტში არიან, –
„ყველა კვლევამ დადო დასკვნა, რომ ბავშვების მიერ „ვოზორიდიტის“ გამოყენება და შედეგის დადება შესაძლებელია მხოლოდ იმ ასაკამდე, ვიდრე ზრდის ზონები დაიხურება. 12, 13 და 14 წელი არის კრიტიკული ასაკი ამ ბავშვებისთვის, როცა, პრაქტიკულად, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ესაჭიროებათ ეს პრეპარატი. მერე, უბრალოდ, ამას არ ექნება აზრი“, – განაცხადა ჯანაშიამ.
მისი თქმით, მშობლებს უღირთ, საპირწონედ დადონ ის გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ინექციის ადგილზე შეშუპება და ტკივილი. პედრიატის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ახალი პრეპარატი შემოდის, პაციენტთან ან პაციენტის მეურვესთან იდება ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მედიკამენტის როგორც სარგებელი, ასევე გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.
„რა თქმა უნდა, ამ ბავშვების მშობლები ამისთვის მზად არიან. როდესაც საპირწონედ დგას გვერდითი მოვლენებით გამოწვეული მდგომარეობა და ის მდგომარეობა, რომელიც ბავშვებს ყოველდღიურად ურთულდებათ, მშობლებს უღირთ, საპირწონედ დადონ ის გვერდითი მოვლენა, რომელიც არის ინექციის ადგილზე შეშუპება და ტკივილი, რომელიც ასევე შესაძლებელია, ვაქცინაციის მერე იქნას გამოწვეული. ხოლო შორეულ შედეგებზე როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა 2021 წლის აგვისტოა პრეპარატის გამოყენების პირველი თარიღი და, რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ პირველი წლის მონაცემები გვაქვს?!“ – განაცხადა ჯანაშიამ.
ჯანაშიას თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ჩინოვნიკები დროის გაწელვის პოლიტიკას მიმართავენ.
„ალბათ არავინ არ იფიქრებდა, რომ ეს მშობლები ასეთ ტალღას ააგორებდნენ და ქუჩაში გამოვიდოდნენ. მე არ მინდა, ქუჩის აქტივისტის პოზიციაში გადავიდეს ჩემი მსჯელობა, მაგრამ, რეალურად, მართლა მრჩება ასეთი შთაბეჭდილება“, – განაცხადა ჯანაშიამ.