დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც აქონდროპლაზიას ეხებოდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით პროტოკოლზე მუშაობა რთული პროცესია, ვინაიდან არცერთ ქვეყანაში ეს მედიკამენტი გაიდლაინში არ არის შეტანილი.
მისივე თქმით, ამ გარემოების მიუხედავად, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება ქართული პროტოკოლი.
„პროტოკოლზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ახალ მედიკამენტს. მოგეხსენებათ, არცერთ ქვეყანას ეს მედიკამენტი ჯერ გაიდლაინშიც კი არ აქვს შეტანილი, რაც ართულებს მუშაობას. მიუხედავად ამისა, დღეს გაფართოებულ თათბირზე შევჯერდით, რომ ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება ქართული პროტოკოლი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ რეკომენდაციები. გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გაიდლაინები. ჯგუფი იკრიბება კვირაში ერთხელ და იმედი მაქვს, ამ ჩართულობით ყველაფერი მალე დასრულდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.