ოპოზიციური ჯგუფები ვართ ერთმანეთთან კონსულტაციის რეჟიმში, ვინაიდან „ოცნებამ“ პარლამენტი მიატოვა, „ოცნებამ“ ხელი აიღო ხელისუფლებაზე და მიღებულ, განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს არ იღებს, რადგან ეშინია საგამოძიებო კომისიის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის ინიცირებამაც კი უკვე შეასრულა საგამოძიებო კომისიის ფუნქცია.
„დავინახეთ, რომ სასამართლო კლანი და „ოცნების“ პოლიტიკური ლიდერშიფი ერთი დიდი კლანია, ზუსტად ამიტომ გადაეფარნენ მათ ყველაფრის ფასად. ამბობენ, თუ საჭიროა, არანაირ კანონებს აღარ მივიღებთ, პარლამენტი შეწყვეტს ფუნქციონირებას, ოღონდ კითხვები არ დაუსვან იმ ადამიანებს იმ თემაზე, რაზეც საგამოძიებო კომისიაა მოთხოვნილი. ჩვენ, ცალკე ოპოზიციური ჯგუფები, ვაგრძელებთ პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობას, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში ვართ ძალიან მყარად მოტივირებული, რომ შევინარჩუნოთ თანადგომა, საერთო ინტერესისთვის ერთად დგომა, რასაც ჰქვია 50 და მეტი ოპოზიციონერი პარლამენტის წევრის ყოფნა პარლამენტის შენობაში.
ჩვენ მომავალი კვირისთვის ამ ნიშნულს მივაღწევთ და იმედი გვაქვს, შევინარჩუნებთ, და გვაქვს უპირატესობა კონსტიტუციურიც, რადგან კონსტიტუცია გვანიჭებს პარლამენტის 50 წევრს ამ უფლებას, ჩვენ გვაქვს უპირატესობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითაც და გვაქვს უპირატესობა საღი აზრითაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.