ღარიბაშვილის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა და ნატო მხარს უჭერენ საქართველოს. მხარს უჭერენ არა რომელიმე ხელისუფლებას ან პარტიას, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, რომლებსაც სურთ, საქართველო გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რითი ჩავიდა ღარიბაშვილი. ევროპამ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც დაადასტურეს ერთგულება პრინციპებისადმი, მაგრამ რითი ჩადის საქართველოს ხელისუფალი? 12 პუნქტიდან, მაქსიმუმ, ორი რეკომენდაციაა მეტ-ნაკლებად შესრულებული, დანარჩენი ათი არის შესრულების ფაზაში, საწყის ეტაპზე. მხოლოდ ტექნიკურად არ ხდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უნდა ვაღიაროთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებაც და ევროპა ელოდება, რომ ამის შანსი მისცეს საქართველოს ხელისუფლებამ, დაკმაყოფილებული იყოს ტექნიკური კრიტერიუმები, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისთვის, მაგრამ ამას ეღობება „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, შექმნეს სპეციალური დავალებათა ჯგუფი, დივერსიული ჯგუფი, რომელსაც უნდა დაეწყო ევროპის მხილება და ხალხის გაფრთხილება ევროპისგან ომის საფრთხეზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ომს რომ არ იწყებს, ამაზე ხალხის ინფორმირება – ამ პროპაგანდამ არ იმუშავა. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. მთელი ერთი წლის, რა ფულიც ჩაასხა რუსულმა საგარეო დაზვერვამ, ჰაერში დაიკარგა. ეს შედეგები აიძულებს მათ, რომ შეცვალონ სტრატეგია და ტაქტიკა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მაღალი რანგის ვიზიტები მიუთითებს, რომ ისინი ელოდებიან საქართველოს ევროპაშიც და ნატო-შიც, უბრალოდ, ამას ეღობება „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი ევროპაში ჩავიდა არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი. ის იქ ქართველი ხალხის ნებას არ ახმოვანებს. ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველო თურმე არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი ევროპასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.