ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე IRI-კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორ აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, ის, რომ საქართველოს ევროკავშირსა და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია და არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი - 89%, პირდაპირ მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაარწმუნონ მოქალაქეები, როგორც მათი, ასევე ქართული ოცნების ამომრჩევლები, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას პერსპექტივა არ აქვს.
„სწორედ ამიტომ მგონია საპარლამენტო ოპოზიციის ტაქტიკა მცდარი, როცა ისინი ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებშიც კი, მათი უვარგისობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის შანსი.
ქართულ ოცნებასთან ერთად ამის შანსი არ არსებობს, ამიტომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრისა და ქართველი ხალხის ერთადერთი მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება უნდა იყოს“ - თქვა ბობოხიძემ