IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ 60%-ზე მეტს, არც „ქართული ოცნება“ უნდა, არც „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ნიშნავს, რომ „ლელოსნაირ“ პარტიებს აქვთ ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ ხალხის ნდობა რეკორდულ მინიმუმზეა დასული.
„ეს არის ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. დღეს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს რუსეთის ინტერესებს მაშინ, როდესაც ქართველი ამომრჩევლის 80 პროცენტზე მეტი ცალსახად ირჩევს ევროკავშირსა და ნატო-ს. სწორედ ეს არის უპირველესად საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ რეკორდულ მინიმუმზეა დასული საზოგადოების ნდობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხმა მისცემს იმ პარტიას, რომელიც მას შესთავაზებს წინადადებას ევროპული მომავლის შესახებ.
„ვფიქრობ, სწორედ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის რაოდენობაც ძალიან მაღალია, შემდეგ არჩევნებზე ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შესთავაზებს ისეთ პოლიტიკურ წინადადებას, როგორსაც ელოდებიან. ვხედავთ, რომ ეს წინადადება უპირველესად უკავშირდება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას და მის ეკონომიკურ განვითარებას. კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად გაკოტრებული, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა. კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში უმრავლესობას, ფაქტობრივად 60 პროცენტზე მეტს, არც „ქართული ოცნება“ უნდა აირჩიოს და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს, რომ სწორედ „ლელოსნაირ“ პარტიებს აქვთ ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი. ჩვენ ვაპირებთ, ეს პოტენციალი გამოვიყენოთ და ავითვისოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“.