მინდა, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო საერთაშორისო ორგანიზაციასა და ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ ცხადია, პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით არათუ ჩვენ, არამედ საქართველოში ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება და ისე მიღება, როგორც არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კველევებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე გამოჩნდება, რომელ პარტიას როგორი მხარდაჭერა აქვს.
„გვახსოვს, ეს კვლევები შვიდჯერ, რვაჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ ის აცდენილი იყო რეალობას. რა თქმა უნდა, ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს, ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობა“ როცა დაშლის პირასაა და შიგნით გაყოფა-გადანაწილებით არის დაკავებული, წარმოუდგენელია, ეს რეიტინგიც კი ჰქონდეს. პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და მით უმეტეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს. პირიქით, ჯერ პარტია უნდა იყოს წარმატებული, რომ კვლევაში მისი რეიტინგი აისახოს. იმ ფონზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხდება, უხარიათ, რომ 14-პროცენტიანი რეიტინგი არსებობს, რაც მათთვისაც კი რეკორდია. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პარტიის დღევანდელ ლიდერებს ეს რეიტინგიც კი უხარიათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“.