ის, რომ 7 პროცენტით არის დაცემული „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ეს არის სწორედ მათი პოლიტიკის შედეგი,-ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„ველი არის მარტის, ზუსტად რუსული კანონმდებლობის მიღებას ემთხვევა ეს ველი. ძალიან კარგად გაიგეს მოქალაქეებმა, რა პოლიტიკას აწარმოებდა „ქართული ოცნება“, ხოლო ის, რომ 7 პროცენტით არის დაცემული „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ეს არის სწორედ მათი პოლიტიკის შედეგი. სწორედ ამიტომ, ევროპული განწყობების ზრდის პარალელურად, შემცირდა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რაც მიუთითებს, რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ მიიჩნევს პროევროპულ ძალად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამავდროულად, ხატია დეკნოიძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ბევრი სამუშაოა ოპოზიციურ ველზე, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიმართულებით, იმ კონტექსტში, რომ გაცილებით მაღალი ნდობა და რეიტინგი სჭირდებათ პარტიებს.
„ქართული ოცნების“ რეიტინგის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი, ნოყიერი სამუშაოა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“.