„დღეს გამოქვეყნებული კვლევა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევას, რომლის მიხედვით, მომდევნო შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გაჩნია, თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ყველა პარტიამ აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის და ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კლება და 19%-იანი რეიტინგით და ამ შემთხვევაში 14%-იანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები და სხვა დანარჩენი პარტიების მატება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა