აქონდროპლაზიის მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით 19 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება. მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიშეუერთდებიან მშობლებს, რომლებიც მე-6 დღეა, ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ისაუბრა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე და მშობლებს მოუწოდა, არ გამოაყენებინონ თავი პოლიტიკოსებს. “არავის არ გახსენებია, არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ჩართული არის ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, არ გახსენებიათ მათი ბედი, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში. გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ, ყველა უბედურება, ყველა განსაცდელი, თუ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ეს არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა, ესა არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რომელიც ადამიანმა შეიძლება იკადროს, როცა ვუყურებთ, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანთა ჩართულობით ცდილობენ, გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მის განცხადებებს გამოეხმაურნენ მშობლები და განაცხადეს, რომ ამ პასუხით არ განცვიფრებულან, თუმცა გაჩერებას არ აპირებენ და ბრძოლას გააგრძელებენ.