იმედი მაქვს, ამ ჯერზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გაიმართავენ.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე მოწვეული ვართ არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ სიტყვით გამოსვლისა და კონფერენციის მონაწილეებისთვის მიმართვის შესაძლებლობა გვექნება. ასეთი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას, ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართოს კოლეგებთან. ჩვენ შეხვედრები გვექნება საფრანგეთის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გვექნება საუბარი“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე, იმ მიღწევებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს.
„სამწუხაროდ, კითხვარზე იანვარში გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა. ამას მნიშვნელობა აქვს ბევრი მხრივ. ერთი იმიტომ, რომ შენარჩუნებული იქნას ტრიო, რომელიც არსებობს მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს სახით, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ევროკავშირის პოზიცია რეგიონის მიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ხელახლა გაიაზროს საკუთარი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში და გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის პასუხი ამავე დროს, ნიშნავს პოზიციას რეგიონთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.