ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა. მისი თქმით, საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა.
გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა დღევანდელ ბრიფინგს, სადაც გიორგი კირთაძის გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და სიიდან ის ადამიანები ამოაშლევინა, ვინც მის მიმართ კრიტიკულ აზრს გამოთქვამდა.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ეს მოხდა ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე და არავის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყვიტავს. მან ასევე თქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რაც ყველა პარტიაში ხდება, მსგავსი გადაწყვეტილება მიუღია წინა მენეჯმენტსაც და იმის წინა მენეჯმენტსაც.
„ეს არის პროცედურა, რომელიც არის ჩვეულებრივი პროცედურა, არავის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არავისთვის არ შეუწყვეტია. ასეთი გადაწყვეტილება მიუღია პარტიის წინა მენეჯმენტსაც, იმის წინა მენეჯმენტსაც და ეს ნებისმიერ პარტიაში არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც კონკრეტული ადამიანის ამოღება ხდება სიიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიის ლანძღვით არიან მხოლოდ დაკავებულები და პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ ერთვებიან ყოველთვის ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა. ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება და არა, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა. აქვე დავამატებ, რომ პარტიაში არანაირი ფლანგები არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯანსაღი ნაწილი, რომლის ფლანგებად დაყოფა ჩემთვის არის მიუღებელი,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო.