ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლაზარე გრიოგირადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გავრცელებაზე მოთხოვნას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ევროპული საქართველოსთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მათ შორის, რაც უნდა მოხდეს ზოგადად საქართველოში.
მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ის საკვანძო საკითხი, რაც მოგვიტანს თავისუფლებას და დაგვიბრუნებს განცდას, რომ საზოგადოებას ეკუთვნის სასამართლო.
"ეგ (ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა სისხლის სამართის საქმეებზე) არის რეალური დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ამბავი. ამ ვითარებაში, როცა საქმე ეხება ლაზარეს, რომლის დემონიზებისთვის ამაზრზენი კამპანია აწარმოა ქართულმა ოცნებამ, ასევე, რაც შეეხება თორნიკეს, რომელიც ასევე ბრალდებულია, ადამიანია, რომელიც ჩვენს ჯარში იყო და შემდეგ იბრძოდა უკრაინაში, ამ ორი ადამიანის საქმეებთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ადეკვატური და ლოგიკური ნაბიჯი, თუ იარსებებს ნება, არის, რომ ისინი განსაჯონ ჩვენმა მოქალაქეებმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით.
ამისთვის იმ პეტიციაში, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა გაავრცელა, ყველა ნაბიჯი არის გაწერილი, მხოლოდ პოლიტიკური ნება არის საჭირო, რომ არა საერთაშორისოდ სანქცირებულმა სამარცხვინო სისტემამ განსაჯოს, რომელსაც ნდობა ნოლის ტოლი აქვს, არამედ ჩვენმა მოქალაქეებმა და ამ ისტორიულმა ინსტიტუტმა, რომელზეც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ეგ არის სანატრელი ჩვენი საზოგადოებისთვის, როცა ერის სინდისი მსაჯულობს და არა ჩინოვნიკისაო“ - თქვა გიგა ბოკერიამ.