ევროპული საქართველო ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეების ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის მიერ განხილვის მოთხოვნას უერთდება.
პარტიის წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ბრალდებულების საქმეები უნდა განიხილოს არა სანქცირებულმა სასამართლომ,"არა ხელისუფლების მიერ შერჩეულმა და მართულმა კლანის წევრებმა", არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ.
როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამას ადასტურებს ბინძური, შავრაზმული, დემონიზების კამპანია ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ბრალდებულ თორნიკე აკოფაშვილს, ის ორი წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, შემდეგ უკრაინაში იბრძოდა და ისიც ლაზარეს მსგავსად აქციაზე დააკავეს.
ნონიაშვილის თქმით, ხელისუფლება უარყოფს, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული და თუ ეს მართლა ასეა, მით უმეტეს, მაშინ არაფერი უშლის ხელს იმას, რომ საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეები რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ.
"ეს შესაძლებლობას გააჩენს, რომ 21 წლის ახალგაზრდების პოლიტიკური მოტივით სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავირიდოთ. ეს თავის არსით ნიშნავს, რომ რა მუხლებითაც არიან ლაზარე და თორნიკე ბრალდებულები, ეს არის 353-ე პრიმა მუხლი - პოლიციელზე თავდასხმა და 187-ე მუხლი - ნივთის დაზიანება საშიში საშუალებით, ამ მუხლებზე უნდა გაფართოვდეს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი და მანამდე ლაზარე უნდა გათავისუფლდეს გირაოთი საპატიმრო დაწესებულებიდან.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ იმ დროს, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ქართული მართლმსაჯულება, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდამჭერს აშშ-ს სანქცირებული ჰყავს სასამართლო კლანის მოსამართლე წევრები, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი არა ერთ ან ორ მუხლზე, არამედ მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსზე უნდა გავრცელდეს, რაც სამომავლო პერსპექტივაში ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს და ისეთი საფრთხის ქვეშ არ დადგებიან, როგორი საფრთხის ქვეშაც ახლა ეს ორი ადამიანი დგას“- თქვა გიორგი ნონიაშვილმა.