ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში და იძულებული გავხადეთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილიყვნენ, სამუშაო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. მოდით, ახლა ყველამ იძულებული გავხადოთ, რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილებას ეხებოდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის საქმიანობას არ შეაფერხებს.
„ჩვენ არც პარლამენტის საქმიანობას შევაფერხებთ, კენჭსაყრელი საკითხებიც თავის დროზე იქნება გადაწყვეტილი, თემებსაც გავივლით და გარანტიას ვაძლევ მათ, პარლამენტის საქმიანობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. როგორ და რა გზით, რეგლამენტი წაიკითხონ და იქნებ იქ რაღაც-რაღაცები აღმოაჩინონ და შემდეგ მკითხაობა არ მოუწიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი დღესაც ვერ შედგა.