საცოდავი მდგომარეობა, როდესაც უმრავლესობა ოპოზიციაში გადადის და ოპოზიციის ტაქტიკით ცდილობს, გადაეფაროს მურუსიძის და ჩინჩალაძის კლანს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პლენარული სხდომის დარბაზში დღეს 50 ოპოზიციონერი დეპუტატი არ იქნება, არ გამორიცხავს, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხზე კენჭისყრა სწორედ მაშინ ჩაატაროს.
„ქართული ოცნება“ რუსული კანონის ინიცირების შემდეგ, უკვე მეორედ გადის კონსტიტუციიდან, როდესაც ის ოპოზიციას უსპობს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, შექმნას საგამოძიებო კომისია და ღიად აცხადებს, რომ ამის მიზანია, გადაეფაროს სასამართლოში არსებულ საკუთარ კლანს. ნამდვილად რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში კენჭისყრები თეორიულად არ არის დაგეგმილი, არ გამოვრიცხავ, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება 50 ოპოზიციონერი დეპუტატი დარბაზში, კენჭისყრა ჩაატარონ. ამიტომ ჩვენ კვლავ გვქონდა კომუნიკაცია ერთმანეთთან. შეუძლებელია ამ ფორმატში პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება, როდესაც ხელისუფლება გადასულია ოპოზიციაში, ფაქტობრივად, ბოიკოტის რეჟიმში და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. ეს საცოდავი მდგომარეობა, როდესაც უმრავლესობა ოპოზიციაში გადადის და ოპოზიციის ტაქტიკით ცდილობს, გადაეფაროს მურუსიძის და ჩინჩალაძის „კლანს“, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.