წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიას განუცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.
„გუშინდელი დღიდან, 18 აპრილიდან, წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. ხვალ დილიდან დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაობი. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირი არის ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვლება კომუნიკაციები.
„ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწიქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების, მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები. რამდენიმე კომპანიაა ამ პროცესში მერიის მხრიდან ჩართული. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები იქნებიან ჩართული. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „მაგთი“, „სილქნეტი“ და აშ. რადგან ამ კომპანიების საკუთრებაშია არსებული ქსელები და საჭიროა მისი სრულად ჩანაცვლება.
ხიდის ნაწილში დაგეგმილი გვაქვს, რომ ოქტომბერში დავასრულოთ სამუშაობი. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ხიდი იყოს ავთენტურად, პირველად მდგომარეობაში შენარჩუნებული, ხოლო რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, იანვარში დასრულდება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 მილიონ 400 ათასი ლარი, ხოლო ხიდის ნაწილში არის დაახლოებით, 4 მილიონ 200 ათასი ლარი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.