„ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მას არაფერი ეშველება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს, კრიზისს განიცდის.
„იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ მცირე ორ ნაწილად არის გაყოფილი, არის ორი სხვადასხვა ფრთა. უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა დაპირისპირება მერაბიშვილსა და კეზერაშვილის შორის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც მეტყველებს ამ პოლიტიკური პარტიის საერთო სისუსტეზე. ეს ძალიან კარგია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია. პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს, პარტიის შიგნით კრიზისს განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ პარტიის დაშლის პროცესს.
სინამდვილეში, „ნაცმოძრაობას“ არაფერი უშველის. მათი თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მათი ლიდერი, მთავარი დონორი არის კეზერაშვილი, ინტელექტუალური ლიდერი – ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარკვეული სარკაზმით ვამბობ. შესაბამისად, ამ ვითარებაში რაც არ უნდა არჩევნები ატარონ და რა ზომაც არ უნდა მიიღონ, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება. ეს არის კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.