პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ცუდი პრეცედენტი იქნება და ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ შედგეს საგამოძიებო კომისია. ძალიან მავნებლური ინიციატივაა, რამაც, შესაძლოა, გააჩინოს სახიფათო პრეცედენტი და პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება, რომლებიც მხოლოდ კანონის წინაშე და კონსტიტუციის წინაშე არიან ვალდებული. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივა გახლავთ. პირადად მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს არ განხორციელდეს. შეუძლებელია, ამ ინიციატივამ მანკიერების მეტი რამე მოიტანოს. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რაღაც ფორმით მხარი დავუჭირო ან თუნდაც, უბრალოდ, მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას. ჩემი აზრით, ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.