"ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ," - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ კომისიის შექმნას ვერ განიხილავს.
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პოზიცია ბოლომდე გავიტანოთ, რომ ნაცმოძრაობამ სასამართლოსთან დაკავშირებით არ შექმნას კომისია. ეს არის პრინციპული პოლიტიკური პოზიცია ჩვენი მხრიდან. ნაცმოძრაობამ არ შეიძლება საქართველოში შექმნას კომისია სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით, ის არის სისხლიანი პოლიტიკური პარტია, რომელმაც შექმნა სისხლიანი სისტემა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. შესაბამისად, ამ კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას ვერ მივცემთ სასამართლოს თემებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.
კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.