რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში. კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ? - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა. ის გამოეხმაურა თანაპარტიელის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას, რომელშიც მან ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეებს "სუს-ის შტატიანი თანამშრომლები" უწოდა.
ნაყოფიას თქმით, მსგავსი განცხადებები "უდროო და გადაჭარბებულად ემოციურია", რაც მისი სიტყვებით, ხელს უშლის პარტიის შიგნით ერთიანობას.
"ქართული ოცნება ვერ მოესწრება ჩვენ შორის დაპირისპირებას. პირიქით, ახლა მიდის ძალების კონსოლიდაცია. ნიკა მელიამ გუშინ სწორად აღნიშნა, რომ ყრილობამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია ძალიან ბევრი ვნებათაღელვა პარტიის წევრებში. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში. კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ ამ შემთხვევაში? მიმაჩნია, რომ ცოტა არასერიოზულია ეს განცხადება, მაგრამ არა უშავს, ახალგაზრდაა, გაიზრდება და იმედია, შემდგომში ასეთ პოლიტიკურ შეცდომებს არ დაუშვებს. ასეთი ტიპის განცხადებები გაერთიანებას მხოლოდ ხელს უშლის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გადაჭარბებულად ემოციური და უდროოა", - თქვა კობა ნაყოფიამ.
როგორც ცნობილია, ნიკა მელია, მხარდამჭერებთან ერთად სამუშოდ ახალ ოფისში გადავიდა. როგორც ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, "ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ".