„ნაციონალური მოძრაობა“, რეალურად, როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის რაღაც ნარჩენები პარტიიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ხაბეიშვილი, ფაქტობრივად, არის რუპორი მერაბიშვილისა და კეზერაშვილის, მაგრამ ხაბეიშვილის გეგმაც უკვე გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანმა ვერცერთ ღონისძიებაზე ვერ უზრუნველყო, რომ ჩატარებულიყო იმ მასშტაბით და იმ დონეზე, რაზეც არაერთი განცხადება გაკეთდა. კიდევ ერთხელ გაცხადდა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან არ აქვს. ამის ყველაზე დიდი დამადასტურებელი იყო 9 აპრილის ღონისძიება. ამასთან ერთად, ვხედავთ, რომ კეთდება საჯარო ბრალდებები, ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები და ლოგიკური გაგრძელება იყო, რომ ნიკა მელიამ გახსნა ცალკე ოფისი, სადაც თავის გულშემატკივრებს კრებს, თუმცა პარტიას არ ტოვებს. ფაქტობრივად, ეს გუნდი უკვე ორად არის გახლეჩილი, თუმცა იქ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ მესამე მხარედ ჩამოყალიბდნენ, როგორც ინდივიდები, რომლებიც არც იქით არიან და არც აქეთ. საერთოდ გაემიჯნენ პროცესს. ეს პარტია, რეალურად, როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის რაღაც ნარჩენები „ნაციონალური მოძრაობიდან“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა, რეალურად, ვერ გაამართლა კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მოლოდინები.
„არ გამიკვირდება მისი შეცვლა, გამომდინარე იქიდან, რომ ხაბეიშვილმა, რეალურად, ვერ გაამართლა კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მოლოდინები. ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, ნიღაბი ჩამოხსნა იმას, რომ საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს და ინგლისურის თემა თუ არის მიზეზად მოყვანილი, ეს არის, უბრალოდ, რაღაც შენიღბული მიზეზი, რეალური მიზეზი არის ის, რომ 9 აპრილსაც კი, როდესაც შეეცადნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალები, საზოგადოებისთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს დღეს ხალხის მობილიზება გაეკეთებინათ, ეს ღონისძიებაც კრახით დამთავრდა. რადიკალებმა განიცადეს ძალიან სერიოზული წარუმატებლობა, ხალხი ვერ შეკრიბეს, ვერანაირი მოთხოვნები ვერ დააყენეს ისეთი, რომელსაც საზოგადოება აჰყვებოდა. ქვეყნის წინსვლისთვის არაფერი აინტერესებთ, მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი“, – განაცხადა მიქანაძემ.