ყველა ოპოზიციონერი არის საქმის კურსში. მათ დადასტურებული აქვთ როგორც ინფორმაციის მიღება, ასევე ის, რომ აპირებენ, სხდომას დაესწრონ. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„გასული დღეების განმავლობაში გავმართეთ კონსულტაციები თითოეულ დეპუტატთან, რომელსაც პარლამენტში აქვს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობითი მანდატი და გავაფრთხილეთ თითოეული მათგანი, რომ დღეს, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი.
ყველა ოპოზიციონერი არის საქმის კურსში. მათ დადასტურებული აქვთ როგორც ინფორმაციის მიღება, ასევე ის, რომ აპირებენ, სხდომას დაესწრონ. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველად, შეიქმნება საგამოძიებო კომისია. სასამართლო სისტემის რეფორმა არის სწორედ კონსენსუსის საკითხი ოპოზიციაში. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა სასამართლო კლანის წევრები, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან სასამართლო რეფორმა პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს და საგამოძიებო კომისია არის მიმართული იქითკენ, რომ ხელი შეუწყოს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.