„პარტიის სახელით პარტიას ებრძოდე და ამით „რუსული ოცნების“ წისქვილზე ასხამდე წყალს, დიდ ბოდიშს ვიხდით, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ,“ - ამის შესახებ განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძე ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიაში, პარტიის სახელით პარტიის ლანძღვას და „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმის უფლებას არავის არ მისცემენ.
„უნდა შეეგუონ ადამიანები, რომ პარტიის შიგნით წააგეს არჩევნები. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებმა თქვეს, რომ პარტიას უნდა ყავდეს ახალი ხელმძღვანელი, უნდა უხელმძღვანელოს ახალმა გუნდმა. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, რომ საერთო საქმეში, რომელიც არის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის, პოლიტპატიმრებისთვის ბრძოლა, პარტიის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ პარტიის სახელით პარტიას ებრძოდე და ამით სუს-ის და „რუსული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი, დიდ ბოდიშს ვიხდით, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ და ეს არავისთვის მისაღები არ და ვერ იქნება. ამიტომ, ან გაასწორონ ორიენტირი ამ ადამიანებმა ან ჩვენც მოგვიწევს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რადგან პარტია უნდა გაძლიერდეს, უნდა გახდეს მრავალრიცხოვანი და ის, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები, არ წაადგება არც შიგნით პარტიის გაძლიერებას და არც ზოგადად ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას. თუ ვინმეს სურს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს და ცალკე პარტია გააკეთონ, ეს მათი საქმეა და განაცხადონ ამის შესახებ საჯაროდ,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.