ეს არის ოფისი, სადაც ადამიანები გაერთიანდებიან, ნაცვლად დაშლისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 50 პროცენტი ჩვენი ამომრჩევლის იზიარებდა იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით და არ შეიძლება, მათთვის კარების დაკეტვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ახალი ოფისის გახსნისა და ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, შუაღამეს გაკეთებული აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რომ მალულად არაფერი ყოფილიყო.
"პარტიას შევატყობინეთ, მათგან განსხვავებით, ამბობენ, ბევრი ოფისი გავხსენითო, ისე გახსნეს, ერთხელ არ უთქვამთ, რომ შევიკრიბოთ", – განაცხადა დოლიძემ.
როგორც მან აღნიშნა, პარტიაში არ უშვებენ მათ, ვინც არ იზიარებს ვანო მერაბიშვილის პოზიციას ან არ არის დავით კეზერაშვილის ნათესავი.
„ისე გავიდა ორი თვე, არცერთი გადაწყვეტილების მიღებაზე, არცერთ მნიშვნელოვან პროცესებზე პირადად ჩემთვის არავის არ უთქვამს. ჩავთვალე, რომ პირიქით გაუხარდებოდათ, ოპოზიცია ამით პირიქით ძლიერდება, კიდევ ერთი ოფისი ემატება. ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს. გულწრფელად ველოდებოდი, აბსოლუტურად სხვა რეაქცია ექნებოდათ. გასაგებია, რომ ჩვენი პოზიციები, ტაქტიკა, შეხედულებები ერთმანეთს ძალიან სცილდება, მაგრამ საერთო საქმეს ვაკეთებთ. მგონი ერთადერთი მენეჯმენტია, რომელიც ოპოზიციიდან ხალხის გაშვებაზეა ორიენტირებული, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით თქვან, მოდით ერთად ვაკეთოთ. წადით, წადით, მეტი არაფერი მესმის და ეს მართლა პრობლემაა. ეს არის ოფისი, სადაც ადამიანები გაერთიანდებიან, ნაცვლად დაშლისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 50 პროცენტი ჩვენი ამომრჩევლის იზიარებდა იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით და არ შეიძლება, მათთვის კარების დაკეტვა. ქუჩაში ხომ არ გავუშვებდით ამ ხალხს. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ თუ არ იზიარებ ან ვანო მერაბიშვილის პოზიციას ან თუ არ ხარ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავი, მაშინ პარტიაში არ გიშვებენ. ისე მოხდა, რომ არც ერთი ვარ და არც მეორეს ვაკეთებ. ის, რომ დღეს ჩემთვის ოლიგარქიული რეჟიმი ნომერ პირველი გამოწვევაა და ამ ქვეყნის მტერია, არ მგონია, ვინმეს ეჭვი შეეპაროს ამ ყველაფერში. არ მგონია, ამ განცხადებას ვინც წაიკითხავს, აზრი ვინმეს გაუჩნდეს და დარწმუნებული ვარ, იქ მყოფი ბევრი ჩვენი მეგობარი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ამ წერილის შინაარსით.
რაც შეეხება დაფინანსებას, აქაც ყველაფერი გამჭვირვალეა, თუკი ვინმეს დააინტერესებს და ალბათ დააინტერესებთ, განსაკუთრებით ცენტრალური ოფისიდან. დეტალურად ეგზავნებოდათ ინფორმაცია. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არის პირველი ოფისი და რატომ შეიქმნა ასეთი აჟიოტაჟი ჩვენთვის გაუგებარია“ – განაცხადა დოლიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, „გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას”.