პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ნამდვილად არსებობდა იდეა, საქართველოს პრეზიდენთან ერთად, სტრასბურგში სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები წასულიყვნენ.
ამასთან, როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა მთავრობა პრეზიდენტს ხელოვნურ ბარიერს უქმნის.
„დეტალებში შეგნებულად არ შევალ. იმედია, ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა მთავრობა პრეზიდენტს ხელოვნურ ბარიერს უქმნის. მსგავსი შემთხვევა საფრანგეთზე მოხდა. ბოლო პერიოდში, პრეზიდენტს სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან, მათ შორის, ჩვენთანაც კომუნიკაცია ჰქონდა. ვადასტურებ, იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები მასთან ერთად სტრასბურგში წასულიყვნენ, თუმცა იცით, როგორ განვითარდა მოვლენები. ჩვენ ამ იდეას თავიდანვე მივესალმეთ. ჩვენს გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არც გაგვიწყვეტია მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დავტოვეთ, მასთან აქტიური კომუნიკაცია შევინარჩუნეთ. შეხვედრები იყო, რომელსაც ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა. დეტალებზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იმედია, ეს იდეა განხორციელდება, რადგან მრავალპარტიული წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია. ვისურვებდი, რომ ღონისძიებაში ჩართული იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი. არ ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებები არ შედგა, მიმდინარეობდა, მაგრამ გუშინ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.
მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.