„ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს ასეთი გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ საქართველოში ქოლცენტრების უკან დგანან „ქართული ოცნების“ კონკრეტული მინისტრები, ძალოვნები. კარგი იქნებოდა, მათ დაუსვათ კითხვები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
შაშკინის თქმით, სურათზე, რომელიც თან ახლავს BBC- ის სტატიას, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან დაახლოებული პირები ჩანან.
„ის ხალხია, ვინც ახლაც საქართველოშია და წარმატებით ახორციელებს „ქართულ ოცნებასთან“ ბიზნესს. ჟურნალისტი ამ სტატიაში აღნიშნავს, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა ნოემბერში, როდესაც რეიდში მონაწილეობდა საქართველოს პოლიციასთან ერთად, ამ ქოლცენტრების წინააღმდეგ. საქართველოში თუ დარჩა ვინმე, ვისაც სჯერა, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოში კეზერაშვილს შეიძლება ჰქონოდა არალეგალური ბიზნესი, ან ძალიან მიამიტია, ან ძალიან შტერი. „ქართულმა ოცნებამ“ გებელსის პროპაგანდის სტილში ამოგლიჯა ამ სტატიიდან ის, რაც მათ უნდოდათ. არ თქვეს, რომ სტატიაში წერია, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ყურადღება არ მიაქციეს, რომ მათი მეგობრები არიან გამოსახულები და სცადეს ბაობაბების, ჩამოშლილი რიკოთის და მოსამართლეების სკანდალის გადაფარვა, მხოლოდ ძალიან დაბალი ხარისხით, ძალიან უანამუსოდ და ჩვენ ეს ვიხილეთ. იყო სტატია, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულებები. ჩვენ საუბარი არ გვაქვს სტატიაზე, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს და ჟურნალისტური გამოძიება არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. მინდა, შეგახსენოთ, რომ „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 2021 წელს ჩაატარეს ასეთი გამოძიება, სადაც დადგინდა, რომ ქოლცენტრების უკან საქართველოში დგანან „ქართული ოცნების“, ბოდიში, რუსული ოცნების კონკრეტული მინისტრები, ძალოვნები და ეს ხალხი ახლაც იმყოფება საქართველოში. კარგი იქნებოდა, მათ დაუსვათ შეკითხვები“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.