როდესაც ერთ სანგარში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ხდება პიროვნული შეტევა საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით, ქართველ მოსამართლეებზე. როდესაც ხდება მათი სტიგმატიზება, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების ისე, რომ ერთი ფაქტი და მტკიცებულება არ არის დასახელებული.
„არის საუბარი ღია წყაროებზე, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის საუბარი მედიაში გაჟღერებულ გარკვეულ საკითხებზე. სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობა და პატივისცემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტნიორი ჩვენს მოქალაქეს უწოდებს კორუმპირებულს, არ შეიძლება მან ჩაგვაყენოს, ვიქტორინის მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ უნდა გამოვიცნოთ თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. იცით, რომ, მათ შორის, ყოფილ მოსამართლეზეა საუბარი და რთულია ვიფიქროთ, რა პერიოდზეა საუბარი. შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ ის პერიოდი, როდესაც ამ კონკრეტულმა ადამიანებმა დაიწყეს სასამართლო სისტემაში მუშაობა. შეიძლება, ეს იყოს 10-15-20-წლიანი პერიოდი და ჩვენ 20-წლიანი პერიოდის ალმანახებს ვერ შევისწავლით, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი? ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხი კეთილსინდისიერად აჩვენებდა საკუთარ პარტნიორობას, მათ შორის, ცხელ წერტილებში. 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ ერაყსა და ავღანეთში, ჩვენი 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ცხელ წერტილში და 300-ზე მეტი დაჭრილი გვყავდა. ვფიქრობ, როდესაც ერთ სანგარში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში და არ გამოვიცნოთ რებუსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.