„ვერანაირი კითხვები ვერ მექნება ამ მოსამართლეებთან. რაც შეეხება უშუალოდ შეფასებას, საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა წერილი და მეც გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მტკიცებულების გარეშე ნებისიერი სახის განცხადება, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება მოსამართლეებს და როდესაც აქ საუბარი, თუნდაც, მინიშნებით შესაძლებელია, იყოს კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე, არის, რა თქმა უნდა, გაუგებარი. თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა, ვთქვა ისიც, რომ ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ, ეს გაუგებრობა იქნება აღმოფხვრილი, და იმ კითხვებზე, რომლებიც დასვა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ღია წერილში, აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
რატი ბრეგაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სასამართლოში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული არაერთი რეფორმა გატარდა, 2012 წლამდე კი, მოსამართლე იუსტიციის მინისტრის უკანონო ბრძანებების უპირობო აღმასრულებელი იყო.
„2012 წლამდე მოსამართლე რეალურად იყო იუსტიციის მინისტრის, რომელიც გახლდათ იმავდროულად გენერალური პროკურორიც, უკანონო ბრძანებების უპირობო აღმასრულებელი, ხოლო 2012 წლიდან მოსამართლე დაბრუნდა სათათბირო ოთახში, სადაც ის გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი რწმენისა და მტკიცებულებების საფუძველზე და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამას ადასტურებს უამრავი ფაქტორი, თუნდაც, ის, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდა სამჯერ. ასევე, იცით, რომ შემცირებულია სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები. ეს ყველაფერი გამოიწვია ერთმა გარემოებამ, კერძოდ, იმან, რომ მთელი ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, ერთობლივად მუშაობდა იმ საკითხზე, რომ სასამართლოში გატარებულიყო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული რაც შეიძლება მეტი რეფორმა. ეს ყველაფერი ნამდვილად წარმატებით განხორციელდა: მოსამართლეების უვადოდ არჩევა ხორციელდება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, რომელიც პრაქტიკულად აკომპლექტებს მთლიან სასამართლო კორპუსს, გავიდნენ პოლიტიკოსები და გადაწყვეტილებას იღებენ მოსამართლეები და დამოუკიდებელი წევრები; მოქმედებს საქმეების ავტომატური განაწილების პრინციპი და სასამართლოს ასეთი დონის გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი მთელ რიგ სხვა რეფორმებთან ერთად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 მოსამართლის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით.