საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძიებას ბოლომდე არ იცნობს, თუმცა ხაზს უსვამს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელობას მსგავსი საკითხების შესასწავლად.
“არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას”, —განუცხადა “ნეტგაზეთს“ ელჩმა.
BBC-მ გაავრცელა მასალა, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა და გასაჯაროვებულია იმ ბიზნესმენების ვინაობა, ვინც ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.