"ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან,"- ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომელშიც დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.
ბოკერია აღნიშნავს, რომ ვინც თვლის, რომ კეზერაშვილს ცილი დასწამეს, შეუძლია საკითხი სასამართლოში წაიღოს.
"იმ სამყაროში, სადაც ეს ხდება - გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ევროპა, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით არსებობს კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, როგორც მბრალმდებელს შეუძლია, რომ ეს დამოუკიდებელ სასამართლოში "შეამოწმოს", ისე ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს ამბავი, ჩვენ ყველანი ვიხილავთ ამ ამბის გაგრძელებას, ალბათ".- ამბობს გიგა ბოკერია.
მისივე თქმით, დონორის გავლენა ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესზე არის საფრთხე და პრობპემას ქმნის ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც.
"ჩემი პერსონალურად და ევროპული საქართველოს კონფლიქტი, დაპირისპირება ბატონ კეზერაშვილთან, ამ სერიოზული ამბის მიუხედავადაც კი არსებობს. ჩვენ, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი მედია-დონორის ან ზოგადად დონორის დიდი გავლენა და ამ ფორმის გავლენა ამ მეთოდებით - კარნახით და რჩევებით - პოლიტიკურ პროცესზე ან პოლიტიკურ სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არის პრობლემა ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც".- აღნიშნავს ბოკერია.