სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ის ოპოზიცია, რომელიც კურტუმოგაბზეკილი დადიოდა და აქეთ ჭკუას გვარიგებდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილისნაირი ამაზრზენი კაცით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებ.
„კეზერაშვილისნაირი ამაზრზენი კაცით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებ. მით უმეტეს, ისეთ კაცზეა ლაპარაკი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს გაურიგდება და გაყიდის კურტუმოგაბზეკილ ოპოზიციას. დადგნენ და იმართლონ თავი, გრძელი ენები რომ ჰქონდათ. არ რცხვენიათ, ჯარისა და პენსიონრების ქურდისგან ფულს რომ იღებენ? „ბიბისი“ არ არის არც „ფორმულა“, არც „ტვ პირველი“ და არც „იმედი“, „პოსტივი“. „ქართული ოცნება“ კეზერაშვილს თავზე ხელს 11 წელი რატომ უსვამდა? ვიდრე ევროპარლამენტს ვედავებით, კეზერაშვილი ასე და ისე რატომ არის მოხსენიებული, ხელისუფლება რას აკეთებდა? კეზერაშვილი 18-მილიონიან ბინაში რომ ცხოვრობს, არ იცოდნენ? თარგამაძემ ინტერვიუ თუ ჩაწერა, „ქართული ოცნების“ დაგეშილმა პროკურატურამ ვერ იპოვა? მათთან მაქვს პრეტენზია, თავზე ხელს რატომ უსვამდნენ. ადრე თუ რეზოლუციებში კეზერაშვილი მედიამაგნატი ეგონათ, ახლა ნახავენ, რომ პენსიონრების ქურდია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.