მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი რყევები გვაქვს. დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს. ძალიან სევდიანი მგონია ეს ისტორია - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოლონეთში ვიზიტზე.
„ეს იყო ძალიან დიდი უხერხულობა და ოპოზიციის მართლაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნა. დილით სხვა ინფორმაცია გვქონდა, საღამოს სხვა გავიგეთ. მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი რყევები გვაქვს. დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს. ძალიან სევდიანი მგონია ეს ისტორია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ოპოზიციამ პრეზიდენტს გუშინ, 10 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე პოლონეთში გაემგზავრნენ.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.