სააკაშვილისთვის პრომეთეს ჯილდოს გადაცემა მეტ-ნაკლებად ლოგიკურად მეჩვენება და ამაში დიდად გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი პოლონეთში სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამაში გასაკვირს დიდად ვერ ვხედავ, განსხვავებით წინა ჯილდოსგან. ადამიანის უფლებების დაცვაში, რომ სააკაშვილს პრიზს გადასცემ გამაოგნებელია. სად სააკაშვილო და სად ადამიანის უფლებები, ეს მართლა გამაოგნებელი იყო, მაგრამ ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, თუნდაც ძალიან მცდარი. პრომეთეს პრიზი სხვა რამ არის. იდეა და აზრია კავკასიის და პოლონეთის ურთიერთობის. ღიმილისმომგვრელი ამბავიც იყო, როდესაც სააკაშვილმა პრომეთეს ძეგლი გახსნა პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად თამარ მეფის ხიდთან და მერე წაიღო და ეს ქანდაკება ბორჯომის პარკში დადგა და ვერავინ ვერ მიხვდა რა ქანდაკება იყო. პრომეთეს ჯილდოს გადაცემა მეტ-ნაკლებად ლოგიკურად მეჩვენება და ამაში დიდად გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. რაც არ უნდა თქვა სააკაშვილზე თავისუფლებისთვის თუ არ იბრძოდა ცდილობდა. ადამიანის უფლებების დაცვისგან განსხვავებით ამ პრიზზე მე ბევრი პრეტენზია მე არ მექნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.