ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ეს მცდელობა მხოლოდ აშშ-სგან არ მოდის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე. აი, ეს არის რეალურად. არის მაგალითად, ასეთი ინიციატივები, რომ პარლამენტმა ე.წ 2/3-ით მიიღოს გადაწყვეტილებები მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე. სამართლებრივად, ეს არის სისულელე, არსად არ არის მსოფლიოში და ამას გთხოვენ გარედან. ეს წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ნახეთ, რას ითხოვენ – გადაწყვეტილებას 2/3 უმრავლესობიდან უნდა უჭერდეს მხარს და 2/3 ოპოზიციიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოსამართლის დანიშვნის დროს ერთგვარი საკონტროლო პაკეტი ხელში უჭირავს „ნაცმოძრაობას“. ამას პირდაპირ არც მალავენ. უნდათ, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი დოზით დაუბრუნონ „ნაცმოძრაობას“ ბერკეტები სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი სასამართლოზე და ხელისუფლება ამას ვერ დაუშვებს.